28 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
"მე გავაკეთე ის, რის გამოც ჩამოვედი" - მოლოდინები აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრის შემდეგ

2 ლიდერის 4 საათიანი შეხვედრა, არც თუ ისე გრძელი, თუმცა საერთო ტექსტით დასრულდა. სათქმელი 3 აბზაცში ჩაეტია. "საერთო მიზნებისა, თუ პროგნოზირებული ურთიერთობისთვის, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის თავიდან ასარიდებლად - პროგრესის მიღწევა ვაშინგტონსა და მოსკოვს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ" - ეს ჩაწერა პუტინმა და ბაიდენმა საერთო განცხადებაში, სადაც ისიც დასძინეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა დაუშვან. ამ კონტექსტშიც, უახლოეს მომავალში მხარეები ერთად დაიწყებენ ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, მიზანი სტაბილურობაა.

"მე გავაკეთე ის, რის გამოც ჩამოვედი. პირველი – გამოვავლინე ის თემები, სადაც ჩვენ ქვეყნებს შეუძლიათ პრაქტიკული მუშაობა, რათა ჩვენი საერთო ინტერესები წინ წავწიოთ და ასევე, სარგებელი მოვუტანოთ მსოფლიოს.

მეორე, პირადად ვუთხარი, რომ აშშ მზადაა იმ ქმედებებზე საპასუხოდ, რომელიც არ შეესაბამება აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს და მესამე, მკაფიოდ განვსაზღვრო ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები. ასე რომ, პუტინმა ეს ჩემგან პირადად მოისმინა.

მე უნდა გითხრათ, რომ შეხვედრის ტონი იყო დადებითი, პოზიტიური. თუ ვერ ვთანხმდებოდით, ამას ღიად ვაცხადებდით. თუმცა არ ყოფილა დაძაბულ ატმოსფეროში.

იმედი მაქვს, რომ აშშ-მა აჩვენა მსოფლიოს, რომ დავბრუნდით და ვდგავართ მოკავშირეების გვერდით. როგორ შეიძლება ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ცივი ომი ყველაზე ბოლოა, რასაც ის ახლა ისურვებდა. არ მგონია, რომ მას აშშ-სთან ცივი ომი სურდეს," - განაცხადა ბაიდენმა.

სწორედ მოკავშირეებთან შეხვედრა უძღოდა წინ ჟენევაში ბაიდენის ჩასვლას - ვისი ღია კარის პოლიტიკაც პუტინს არ მოსწონს, რადგან მისი ხედვით, ამერიკა მის საზღვრებს უახლოვდება და არა პირიქით. თავად რომ მიუახლოვდა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ამაზეც კითხეს, უკრაინის აღმოსავლეთის კონტექსტში, რაზეც აღნიშნა, რომ წვრთნებს საკუთარ ტერიტორიებზე ატარებს. საერთო ჯამში შეხვედრიდან პუტინსაც არ დარჩენია ცუდი შთაბეჭდილება, მით უმეტეს, რომ იგი სიმბოლური შედეგით დასრულდა, ქვეყნები ერთმანეთთან ელჩებს დააბრუნებენ.

"შეთანხმება მიღწეულია. დიპლომატი ვაშინგტონსა და მოსკოვში თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. შევთანხმდით იმაზეც, რომ საგარეო უწყებები დაიწყებენ კონსულტაციებს დიპლომატიურ ასპარეზზე კომპლექსური ურთიერთქმედების დასაწყებად. როგორც მე მომეჩვენა, ორივე მხარე, მოწადინებულია ეძებოს გამოსავალი. პრეზიდენტი იზიარებს იმას, რომ უკრაინის აღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებას საფუძვლად უნდა ედოს მინსკის ხელშეკრულება.

ბევრ საკითხზე ჩვენი პოზიციები მართალია იყოფა, მაგრამ ორივე მხრიდან იყო დემონსტრირებული ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოვების სურვილი. ბაიდენს თეთრ სახლში არ დავუპატიჟებივარ, ვფიქრობ, ასეთი ვიზიტებისთვის შესაბამისი გარემოებები უნდა მომწიფდეს. მთლიანობაში ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, საერთოდ არ არის საჭირო თვალებში და სულებში ჩახედვა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნების ინტერესებს და ამას პრაგმატული ხასიათი," - აღნიშნა პუტინმა.

პუტინისგან არა, თუმცა აშშ-სგან ექსპერტთა ნაწილს ის გაუკვირდა, რომ საქართველო არ ახსენეს. ერთ-ერთი, ვინც ეს მალევე დააფიქსირა, ლუკ კოფი იყო - "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსი. რომელიც საქართველოში ნატოში გაწევრიანების გზაზე კონკრეტულ სიგნალებს დიდი ხანია ითხოვს. თბილისიდან ახლახან წასული, სენატორი რობ პორტმანიც ისურვებდა, რომ საქართველოსა და უკრაინაზე უფრო ღრმა დისკუსია შემდგარიყო.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულდეს, თუმცა მათი გზავნილები და სამომავლო ნაბიჯები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება განხილვის თემა.

დღის ამბები