28 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
საქართველოს ელექტროსისტემა და სახელმწიფო რკინიგზის დეპარტამენტი - უწყებები, რომლებშიც აუდიტის სამსახური მონიტორინგს ვერ ატარებდა

საქართველოს ელექტროსისტემა და სახელმწიფო რკინიგზის დეპარტამენტი - უწყებები, რომლებშიც აუდიტის სამსახური მონიტორინგს ვერ ატარებდა. გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრის და პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რკინიგზა არის ერთ-ერთი ძარცვის ობიექტი საქართველოში, რომელმაც, სახელმწიფოს მილიარდ ორასი მილიონის ზიანი მიაყენა.

"რკინიგზა არის ერთ-ერთი ძარცვის ობიექტი დღეს საქართველოში, რომ არ არსებობდეს, კონკრეტული პერსონები, ვინც რკინიგზის ბიზნესს აკონტროლებს, რა თქმა უნდა, მისი სისტემური ძარცვა ვერ მოხდებოდა. მილიარდ ორასი მილიონი, გავიმეოროთ ბევრჯერ. 33 მილიარდი ხომ სახელმწიფო ვალი გვაქვს, მილიარდ ორასი მილიონი ზიანი მოგვაყენა მხოლოდ რკინიგზამ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად საჭიროებს განხილვას და ჩარევას.

"დღეს პირველად ამ კომიტეტის შემადგენლობაში ბევრმა ეს პირველად გაიგო, მათ შორის სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა. ეს აუცილებლად საჭიროებს განხილვას და ჩარევას," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რკინიგზა არის კორუფციის ბუდე, რომელიც ერთადერთ ადამიანს ექვემდებარება.

"რკინიგზა არის კორუფციის ბუდე და აუღებელი ციხესიმაგრე, რკინიგზა არის ციხესიმაგრე ბორბლებზე, რომელიც ექვემდებარება ერთადერთ ადამიანს და იმ ადამიანის გავლენით აუდიტის სამსახურს ცხვირწინ უხურავს კარებს," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტი არის დამოუკიდებელი და მას შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სად შევიდეს, როდის და როგორ.

"ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაცია ექვემდებარება აუდიტის განხორციელებას იქ, სადაც სახელმწიფოს აქვს წილი 50% და 1, ყველგან განხორციელდება სახელმწიფო აუდიტი. სახელმწიფო აუდიტი არის დამოუკიდებელი და მას შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სად შევიდეს, როდის და როგორ, მითუმეტეს იმ ორგანიზაციებში, სადაც არის მნიშვნელოვანი ბრუნები და არის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ორგანიზაციები. ერთ-ერთი ასეთი იყო ელექტროსისტემა, სადაც მან განახორციელა აუდიტი," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, 2021 წელს არ არის მოსალოდნელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური რკინიგზაში შევიდეს.

"ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი და ეს პროცესები ამ ეტაპზე არის დასრულებული. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ რკინიგზაში იმ ტიპის აუდიტები, რომლებიც ჩვენს მანდატშია და რომელსაც ჩვენ ბუნებრივია სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში ვატარებთ. ამ წელიწადში არ არის მოსალოდნელი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რაიმე ტიპის აუდიტით შევიდეს რკინიგზაში. ამ თემას ჩვენ დავუბრუნდებით წლის ბოლოსკენ და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. წელს ჩვენ თავიდან ბოლომდე ვკონცენტრირდებით ე.წ. კოვიდ აუდიტებთან," - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღის ამბები