28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ახალი დეტალები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების საქმეში - მეწილეები "კურიერთან" გამოძიების ვერსიის საწინააღმდეგო დეტალებზე საუბრობენ

ახალი დეტალები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების საქმეში - კაფე-ბარის მეწილეები "კურიერთან" გამოძიების ვერსიის საწინააღმდეგო დეტალებზე საუბრობენ. დაკავება ქუთაისში მოხდა. პოლიციამ 3 პირი აიყვანა.

"ბაიკერს ჰაბის" დამფუძნებელი გელა ერაძე მიიჩნევს, რომ არანაირ ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა მას არ მიუღია და ყოფილ პარტნიორთან გამართული შეხვედრა, უბრალოდ, ვალდებულებების გასწორებას ეხებოდა. მისი თანმხლები ერთ-ერთი პირი არის დაკავებული და როგორც გელა ერაძე ამბობს, ამ პირსაც, რომელიც ახლა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულია, კრიმინალთან არანაირი კავშირი არა აქვს.

"ერთ-ერთი მეწილე რიჩარდ ფხაკაძე, რომელიც გავიდა აქედან, დაგვიბარა თავის მეგობრებში, ეს არ იყო ქურდული სამყაროს წევრობა, არც მიფიქრია ასეთი რაღაცა, რომ ქურდულ სამყაროში მიბარებდა და არც ვფიქრობ, რომ ქურდულ სამყაროში ქურდული გარჩევის მონაწილე ვიყავი. გვითხრა, რომ ჩემს ძმაკაცებთან ერთად მოვაგვაროთ. მე შევახვედრე, ჩემი მხრიდან იყო როგორც მისი უბნელი, უპატიოსნესი ადამიანი, არანაირი ქურდული სამყაროს წევრი არ არის ეს ადამიანი, მუშაობს "სოკარ გაზში" და სასაცილოა, რომ მის შესახებ ვისაუბროთ ქურდული სამყაროს წევრობაზე. დაკავებულია ერთ-ერთი. რიჩარდი არის ის, რომელმაც ჩარია ხალხი და ის ხალხი დააკავა რაღაც გადაღებებით. კომუნიკაცია მქონდა ყოველთვის, რომ ჩამოდი და ჩვენთან, ოჯახურს წრეში გავარკვიოთ, და არა თუნდაც შენს ძმაკაცთან, რომელსაც მე არ ვიცნობ," – აცხადებს "ბაიკერს ჰაბის" დამფუძნებელი გელა ერაძე.

"ბაიკერს ჰაბის" თანამშრომელი ეკა მარგველაშვილი აცხადებს, რომ ისიც და ერთ-ერთი მეწილეც ყოფილ პარტნიორთან საუბრობდა, თუმცა ქურდულ ამბებთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

"როგორც მე ვიცი, ჩემი ერთ-ერთი მეწილე საუბრობდა მათთან, მეც ვსაუბრობდი, მაგრამ ეს ქურდული ამბები არ ვიცი. ჩვენ გადავიხადეთ 800 აშშ დოლარი და 800 ლარი. მე როგორც ვიცი, იმ ადამიანის მხრიდან ჩართული იყო საახლობლო, სამეგობრო წრე," - აცხადებს "ბაიკერს ჰაბის" თანამშრომელი ეკა მარგველაშვილი.

ფაბრიკაცია - ასეთი მოკლე შეფასება ადვოკატების მხრიდან იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა.

"აშკარად იცნობა მონტაჟის ნიშნები. სიტყვები ერთმანეთზე ისეა გადაბმული და შინაარსობრივადაც ისეა აწყობილი, რომ გამოძიებამ დანაშაულის შემადგენლობა მისცეს," - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ ნემსაძემ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ისინი ამ ეტაპზე საქმის მასალებს ეცნობიან, თუმცა პირველი კომუნიკაციიდან, რაც დაკავებულებთან ჰქონდათ, აქვთ განსხვავებული მოსაზრება, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი, რომელიც არის ყოფილი მეწილე და რომელიც ითხოვდა თანხის მიღებას არის სწორედ შემოქმედი ამ პროცესის და დაკავებულ პირებს, რეალურად, არანაირი შემხებლობა კრიმინალურ სამყაროსთან არ აქვთ.

"ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრე მელაძე ნამდვილად მონაწილეობდა შეხვედრაში, ოღონდ ჩვენი ინფორმაციით ეს იყო ბიზნეს-დავა ორ პარტნიორს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ერთმა პარტნიორმა მეორეს წილის სანაცვლოდ გადაუხადა გარკვეული თანხა," - განაცხადა ადვოკატმა გურამ გვენცაძემ.

დღის ამბები