28 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
გამოსაკვლევია, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა ბავშვი 2 დღე-ღამის განმავლობაში, თუ რამდენიმე მორიგეობდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეტალურად გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა ის ბრალდება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მისამართით ისმის. როგორც დეკანოზმა "ღამის კურიერში" განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების ყოფილი, თუ ამჟამინდელი ბინადრები, სკანდალურ განცხადებებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ აკეთებენ.

"გამოსაკვლევია ის, რომ რკინის კეტით სცემდნენ ბავშვს, გამოსაკვლევია, რომ "პოლის ჯოხი" გადაატეხეს თავზე, გამოსაკვლევია ის, რომ 2 დღე ღამის განმავლობაში ბავშვი არ დააძინეს, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ არ უნდა დააძინონ ბავშვი.  ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა, ჩვეულებრივი ნათქვამი არაა , ამას სჭირდება გამოძიება, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა 2 დღე-ღამის განმავლობაში თუ რამდენიმე მორიგეობდა, რომ ბავშვს არ დაეძინა, ხომ გამოსაკვლევია დაუჯერებელი ამბავია, მე ვერ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხის შემდეგ ბავშვი დარჩეს ჯანმრთელი," - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პროცესებში ჩართულმა თითქმის ყველა მხარემ ბავშვების უფლებები დაარღვია, ამის მაგალითად კი მას სასამართლო მოჰყავს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის  PHR-ის საჩივრის საფუძველზე პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო:

"ყველაფერი კარგად არსად არაა. ყველამ ვინც კი იყო ამ საქმეში ჩართული ბავშვის უფლებები თითქმის ყველამ მეტ-ნაკლებად დაარღვია. უფლებები დაარღვია სასამართლომ, გამოჩნდება მალე, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მეყვსეულად მიიღეს,"- განაცხადა დეკანოზმა. მისი თქმით, მოსამართლეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობაში იყვნენ ის შშმ ბავშვები, რომლებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას იღებდა და ამ პროცესში არ იყო არც ფსიქოლოგია დასკვნა წარმოდგენილი.

შეგახსენებთ ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა, პანსიონში მონიტორინგისთვის დაშვებას რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახალხო დამცველიც.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გაირკვა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 4 საქმეა აღძრული, მათ შორის ძალადობისა და გაუპატიურების სავარაუდო ფაქტებზე.

ბავშვთა უფლებადამცველების საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე პანსიონი ბავშვების უმრავლესობამ დატოვა. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პანსიონების მცირე საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთების პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ სხალთელი მიტროპოლიტი პანსიონში არსებულ პრობლემებსა და ძალადობის ფაქტებს უარყოფდა, ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მთავრესპიკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ჩაანაცვლა.

დღის ამბები