28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ინდური შტამის შემთხვევები 18-მდე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის B.1.617 საქართველოს და რამდენად შესაძლებელია მეოთხე ტალღა დაჩქარდეს

მომდევნო 2 თვეში არ არის გამორიცხული B.1.617 საქართველოში დომინანტი გახდეს და ე.წ. ბრიტანული ვირუსი მთლიანად ჩაანაცვლოს. ქვეყანაში ინდური შტამის გავრცელება დაიწყო - ვირუსის ახალი ფორმის, რომელიც საშიშია ერთნაირად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა უკვე 18-მდე გაიზარდა. ინდური ვარიანტის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება სპეციალისტებს უჭირთ.

სპეციალისტები სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ B.1.617, რომელიც ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით 60-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს. ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე არც იმას გამორიცხავენ, რომ COVID-19-ის მეოთხე ტალღა ინდურმა ვარიანტმა დააჩქაროს.

ერთგვარი ტესტი ქვეყანას ზაფხულის სეზონზე აქვს ჩასაბარებელი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული აგვისტოს ბოლოს ვირუსის შემოტევა იქნება, თუ არა ძლიერი და მასშტაბური.

მეოთხე ტალღას ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციით უპირისპირდება. იმუნიზაციის გეგმა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. შემუშავებული დოკუმენტის თანახმად საქართველოს მასშტაბით 400 ამცრელი პუნქტი მოეწყობა. ვაქცინების შემოტანის ზუსტი თარიღი მომდევნო კვირაში დაზუსტდება, თუმცა გაირკვა, რომ ივლისის დასაწყისში 1.5 მილიონი პრეპარატი საქართველოს უკვე ექნება .

რა შეღავათები იქნება ორჯერადად აცრილებისთვის? საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. არ არის გამორიცხული ივლისიდან მწვანე პასპორტის მქონე პირებს ღამის საათებში გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ, კონკრეტული კომპანიებისგან გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლონ და მოგზაურობიდან საქართველოში დაბრუნებულებს სავალდებულო ტესტირება აღარ შეეხოთ.

დღის ამბები