28 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო

ოკუპანტი რუსეთის მსხვერპლის, გიგა ოთხოზორიას დედა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვას აფასებს. ჯულიეტა ჭანტურიამ "კურიერთან" კიდევ ერთხელ გაიხსენა შვილის მკვლელობის დღე და თქვა, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ დაანახოს რუსეთს, რომ ის იცავს თავის მოქალაქეებს.

სწორედ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის წამებისა და მკვლელობის საქმეებზეა დეტალურად საუბარი საქართველოს მიერ შეტანილ მორიგ სარჩელში რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება - ეს ევროპული კონვენციის იმ მუხლების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა არღვევს და რომლის გამოც საქართველო რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს.

სარჩელის წარმოების განახლებას დადებითად აფასებენ ოპოზიციაში. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში შეტანა დააგვიანა. მათი თქმით, საქართველოს მთავრობას ეს 2018 წლამდეც უნდა გაეკეთებინა.

ოპოზიციის მსგავსად, სტრასბურგის სასამართლოსგან საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვთ მმართველ გუნდშიც. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველო განგრძობადი ოკუპაციის საქმეზეც ისევე წარმატებით დაამტკიცებს თავის სიმართლეს, როგორც ეს ე.წ. ომის საქმეზე გააკეთა.

საჩივარი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. მისი წარმოება დროებით შეჩერებული იყო, სანამ ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სარჩელის განხილვა განახლდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და ოკუპანტ ქვეყანას 10 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.

დღის ამბები