NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსულ აგრესიაზე საუბრისას ყურადღება საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა.
იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე თქვა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინაში.
ამასთანავე, კრემლი ცდილობს ალიანსის მოკავშირე ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ალიანსმა შავ და ბალტიის ზღვებში გაზარდა წარმომადგენლობა. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO მტკიცეა რუსეთთან ურთიერთობისას, თუმცა, ამასთანავე, საჭიროა დიალოგისკენ სწრაფვა.