28 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საქართველო, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება - ფილიპ რიკერი

თბილისი, ბაქო, ერევანი - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რეგიონის შემოვლა საქართველოდან დაიწყო.

ამერიკის სახელით საქართველოს მისამართით მხარდამჭერი გზავნილები ამჯერად შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გააჟღერა. ფილიპ რიკერის განცხადებებში არაერთხელ გაჟღერდა სიტყვა ოკუპაცია, შტატების მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ფილიპ რიკერი საქართველოს პრემიერს შეხვდა. მხარეებმა  პოსტ კოვიდურ პერიოდში შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ხაზი გაესვა რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭება, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის დემონტრირებაა, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა.

ფილიპ რიკერი  თავდაცვის უწყებაშიც იმყოფებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები, ასევე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. 

მიშელის შეთანხმებაზე, კონკრეტულად კი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით იყო საუბარი ფილიპ რიკერსა და მესამე სექტორს შორის. შეხვედრიდან გამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შტატების მაღალჩინოსანს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკუთარი ხედვაც შესთავაზეს.

ფილიპ რიკერთან ერთად, მედიის თავისუფლების საკითხებზე მსჯელობდნენ ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, მათი თქმით, ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდეს მედიაგარემოზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობასა და თვითრეგულირების მნიშვნელობაზე.

ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ამერიკის მარალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართა, ხაზგასმით ითქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში.

 

დღის ამბები