28 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
რა გავლენა აქვს კლასიკურ მუსიკას ბავშვების ინტელექტზე - "მოცარტის ეფექტი"

რამდენად სასარგებლოა, როდესაც ახალშობილებს მათი მშობლები მოცარტს ფაქტობრივად დაბადებიდან, საწოლში ასმენინებენ - 1998 წელს აშშ-ის ერთ-ერთი შტატის მმართველი "მოცარტის ეფექტის" სიკეთეში დარწმუნებული იყო, სწორედ ამიტომ, ჯორჯიაში ყველა ახალშობილს უფასოდ ეკუთვნოდა CD დისკი, სადაც ჩაწერილი იყო მოცარტისა და სხვა კლასიკოსების შედევრები.

"მოცარტის ეფექტი" - ტერმინი პირველად 1991 წელს გამოიყენეს, თუმცა პოპულარული მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ჩატარებული აკადემიური კვლევების შედეგების გამოვლენისას გახდა.

ხალხმა ტერმინი აიტაცა, მალე გავრცელდა იდეა, რომ მოცარტის მოსმენა ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებდა და ზრდიდა ინტელექტის კოეფიციენტს. მშობლები კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ ნებისმიერი ასაკის ბავშვს, მოზარდებს და თავად უფროსებიც კი მიმართავდნენ ამ მეთოდს.

მალევე "მოცარტის ეფექტი" "მოცარტის მანიად" ჩამოყალიბდა, რის შესახებაც ფსიქოლოგმა სერხიო დელა სალამ წიგნიც კი დაწერა  - "გონების მითები".

წიგნში ვხვდებით საკმაოდ უცნაურ ისტორიას ავტორის ცხოვრებიდან: სერხიო იტალიაში შეხვდა "მოცარელას" მწარმოებელ ფერმერს, რომელიც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ თუ დღეში სამჯერ კამეჩებს მოცარტის მუსიკას მოასმენინებდა, მისი შინაური ცხოველები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის რძეს იწველიდნენ.

იყო თუ არა ყველა ეს მოსაზრება მითი? - "მოცარტის ეფექტის" გასაზომად კალიფორნიის უნივერსიტეტში ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც კვლევის ობიექტებს არა ბავშვები, არამედ ახალგაზრდა სტუდენტები წარმოადგენდნენ. კვლევაში 36-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტი  ტვინის სხვადასხვა სავარჯიშოს მოიცავდა, მაგრამ სანამ ტესტების კეთებას დაიწყებდნენ, სტუდენტთა ნაწილი 10 წუთის განმავლობაში სიჩუმეში იჯდა, მეორე ნაწილი კი ამ 10 წუთის განმავლობაში მოცარტის მუსიკას ისმენდა.

იმ სტუდენტებმა, რომლებმაც ტესტის დაწყებამდე მოცარტს მოუსმინეს, შედარებით მაღალი შედეგი აჩვენეს. 

საბოლოო ჯამში, ჩატარებულმა  კვლევებმა აჩვენა, რომ მოცარტის მუსიკას შეუძლია პოზიტიური გავლენა იქონიოს ტვინზე. ეს იდეა, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველია, მაგრამ 2006 წელს ბრიტანეთში ბავშვებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ტვინის მასტიმულირებელი შესაძლოა, ნებისმიერი მუსიკა იყოს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები