28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
გამოიყვანენ თუ არა ნინოწმინდის პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვებს - PHR-ის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს

PHR-ის ხელმძღვანელ ანა აბაშიძის განცხადებით, ის, რომ მათი ორგანიზაცია უფლებამოსილი მოსარჩელე იყო ნინოწმინდის პანსიონის მხოლოდ შშმ ბენეფიციარების,  ტექნიკური საკითხია და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველ გარემოს უნდა მოშორდეს, ეხება ყველა ბავშვს:

"ჩვენ მივმართეთ, რომ ამ პანსიონატში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არის პრაქტიკულად დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის რისკის ქვეშ, რაც ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ბავშვები გაიყვანონ, განარიდონ საფრთხის შემცველ გარემოს.

მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მას გაუჩინა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით ამ ბავშვებთან დაკავშირებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი - ყველა ბავშვთან მიმართებაში, აქ არ დაუზუსტებია მოსამართლეს რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან ხედავს რისკს.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ PHR-ს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ შშმ პირთა  უფლებების კანონის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ შშმ ბავშვებთან და ზრდასრულ შშმ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ ტექნიკურად ვერ ვიქნებოდით უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან მიმართებაში. მაგრამ ეს არის არამნიშვნელოვანი.

თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც იქნება ახალი სარჩელის საფუძველი," - განაცხადა ანა აბაშიძემ. იურისტების გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

დღის ამბები