28 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
"აღარ მინდა პოლიტიკაში ჩარევა აღარასდროს..."- უმძიმესი ინტერვიუ და ატირებული ჟურნალისტი

ტელეგრამ არხ NEXTA -ს  ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა პატიმრობაში მყოფმა რომან პროტასევიჩმა ბელარუსის სახელმწიფო არხს ინტერვიუ მისცა.  ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი არ აკონკრეტებს, სად და რა პირობებში ჩაიწერა ინტერვიუ.

ინტერვიუში პროტასევიჩმა განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზებასა და მომზადებას ეხება. ჟურნალისტმა ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა ბელარუსის ოპოზიცია და განაცხადა რომ პატივს სცემს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს.

"მე გავაცნობიერე, რომ მოწოდებები, რომელსაც მე ვაქვეყნებდი გახდა იმის მიზეზი, რომ ქუჩაში დაიწყო უკონტროლო არეულობა და სამი დღის განმავლობაში მინსკი ქაოსში ცხოვრობდა," - განაცხადა ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა.

მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო "ფოლადის კვერცხებიანი" ადამიანია:

"არ დავმალავ, მე ბევრს ვაკრიტიკებდი ალექსანდრ გრიგორის ძეს. მე დავიწყე იმის  გაგება, რომ ბევრი რამ რაზეც მას აკრიტიკებდნენ, სინამდვილეში ზეწოლის მცდელობა იყო და ბევრ მომენტში ის მოიქცა, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის - როგორც ფოლადის კვერცხებიანი ადამიანი," - განაცხადა პროტრასევიჩმა.

დონბასში წასვლას პროტასევიჩმა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ ამ ქმედებით მან დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და ზღვარი გადალახა.

"ეს ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ის ერთადერთი რამ რასაც მე ნამდვილად ვნანობ," - აღნიშნა პროტასევიჩმა და იმედი გამოთქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო მის თავს ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას არ გადასცემს.

მან ასევე ისაუბრა ალექსანდრ ლუკაშენკოზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეთქმულებაზე და გეგმებზე. საუბარი შეეხო მისი ტელეგრამ არხის დაფინანსებასაც და აღნიშნა, რომ მათ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია

ინტერვიუს დასასრულისკენ პროტასევიჩი ატირდა და განაცხადა, რომ მას აღარ სურს პოლიტიკაში ჩარევა:

"აღარ მინდა პოლიტიკაში ჩარევა აღარასდროს. მინდა იმედი მქონდეს, რომ შევძლებ ყველაფრის გამოსწორებას და ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრებას. ოჯახის შექმნას, შვილებს, შევწყვეტ რაღაცებისგან გაქცევას," - თქვა პროტასევიჩმა ბელარუსის სახელმწიფო არხის ეთერში.

ინტერვიუს გამოეხმაურა რომან პროტასევიჩის მამა. ის ამბობს, რომ მისი შვილი, ასეთ განცხადებებს უდიდესი ზეწოლის გამო აკეთებს. ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რომან პროტასევიჩთან არც ადვოკატს და არც  ექიმს არ უშვებენ. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერვიუს დროს როდესაც ატირებულმა ჟურნალისტმა ხელები სახეზე აიფარა გამოჩნდა დაზიანებები ხელებზე.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა ბომბის საფრთხის გამო მინსკში ექსტრემალურად დაჯდა, თუმცა ბომბის არსებობა არ დადასტურდა.  თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციური ტელეგრამარხის NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებას ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო რუსი სოფა საპეგა დააკავეს. მეორე დღეს ბელორუსის სახელმწიფო არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც პროტასევიჩი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა. მის სახეზე სისხლჩაქცევები ჩანდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ურჩია თავი შეიკავონ ბელორუსის ტერიტორიაზე ფრენისგან. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თითქმის 10-მდე საჰაერო გადამზიდავმა. ბელორუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა უკრაინამ, ლიეტუვამ, შვედეთმა. მომხდარი შემთხვევა საერთაშორისო სკანდალად შეფასდა, ინციდენტს "სახელმწიფო მეკობრეობა" უწოდეს.

დღის ამბები