1990-იან წლებში - მაშინ, როდესაც ინტერნეტის ეპოქა ჯერ კიდევ არ იყო, ელექტროენერგია იშვიათად გვქონდა და ტელევიზორს, უმეტესად, ელექტროგენერატორების თუ ავტომობილის აკუმულატორების საშუალებით ვუყურებდით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საუკეთესო თავშესაქცევი სამხრეთ ამერიკული სერიალები იყო.
მაყურებელი თვეების, თუ წლების განმავლობაში გულშემატკივრობდა საყვარელ გმირებს, რომლების დიდი ნაწილი, ათწლეულის განმავლობაში, სილამაზის ეტალონებადაც მიიჩნეოდნენ.
რამდენიმე მსახიობი, რომლებსაც 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, ცოცხალი აღარ არის, მაგალითად - სერიალის "ველური გული" მთავარი გმირების შემსრულებლები.
ედიტ გონზალესი
მონიკას როლის შემსრულებელი მექსიკურ სერიალში "ველური გული" 2019 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, ის 54 წლის იყო. მძიმე დაავადების შესახებ მსახიობმა 2016 წელს შეიტყო - ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე მუცლის ღრუში აღმოუჩინეს. მას ქმარი და 14 წლის ქალიშვილი, კონტანცა დარჩა.
ედუარდო პალომო
ედიტ გონზალესის მეწყვილე ამავე სერიალში, ედუარდო პალომო მონიკას როლის შემსრულებელზე ბევრად ადრე გარდაიცვალა - 2003 წელს, გულის შეტევით.
მექსიკური გამოცემები წერენ, რომ პალომო ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც გონება დაკარგა - ის 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიქტორია რუფო
ლათინოამერიკული სერიალების (ყოფილ) მოყვარულებს კარგად ახსოვთ სერიალი "უბრალოდ მარია", სადაც მთავარ როლს ვიქტორია რუფო ასრულებდა. 2010 წელს ის ლათინური ამერიკის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის დასახელდა.
რუფოს პოლიტიკოსი ქმარი ჰყავს - ომარ ფაიადი, რომელზეც 2001 წელს დაქორწინდა. 2004 წელს კი წყვილს ტყუპები - ვიქტორია და ანუარი შეეძინა.
ვერონიკა კასტრო
90-იან წლებში, ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა სერიალი "მდიდრებიც ტირიან". მსახიობი ვერონიკა კასტრო, რომელიც მარიანას როლს თამაშობდა, არა მხოლოდ მსახიობია - ის, ასევე, წარმატებული მომღერალი და პროდიუსერია, მისი საქმიანობა სამოდელო სამყაროსაც მოიცავდა.
მისი შვილებიც, დედის მსგავსად, წარმატებულები აღმოჩნდნენ - მომღერალი კრისტიანო კასტრო და რეჟისორი მაიკლ კასტრო.