28 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
თბილისში ამერიკელი სენატორები იმყოფებიან - რა შეხვედრები ჰქონდათ ჯინ შაჰინს და რობ პორტმანს და რა შეიტყეს ახალი საქართველოში ყოფნისას

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დაიწყეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას დაეთმო. 

"ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება პერსპექტიული ნიშანია დემოკრატიისთვის" - ეს შეფასება შეხვედრის მონაწილეებმა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელისგან მიიღეს. ჯინ შაჰინმა ამის შესახებ ”ტვიტერზე” დაწერა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა პროტოკოლს მცირედით გადაუხვიეს. სტუმრებმა სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" "ოპერამდე" ფეხით გაისეირნეს და ქართული ღვინის მაღაზიას ესტუმრნენ.

პოლიტიკური შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან პირისპირ საუბრით გაგრძელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ორი ქვეყნის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებები, შიდა და საგარეო პოლიტიკა იყო.

კონგრესის დელეგაცია მთავრობის მეთაურის გარდა დღეს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს ყველა შეხვედრაზე დადასტურდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარებაზე, ოკუპაციის უშუალო შედეგებსა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ადგილზე მიიღეს.

დღის ამბები