28 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
შეეფარდებათ თუ არა პატიმრობა ნასვამ მძღოლებს - კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი კანონში

ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობა შესაძლოა, ახლებურად დარეგულირდეს და პატიმრობაც შეეხოს. მოქმედი ჯარიმების ფონზე, მძღოლების ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევების ჭარბ რაოდენობაზე საუბრობს. ისინი, ვინც საჭესთან საკმაოდ ხანგრძლივ დროს ატარებენ, მიიჩნევენ, რომ გზებზე ლეტალური შემთხვევების პრევენციისთვის სანქციების გამკაცრება ლოგიკურია.

ამ მოსაზრებების მიღმა აღმოჩნდნენ მძღოლები, რომლებიც ჯარიმის პატიმრობით შეცვლას არ იწონებენ. ფიქრობენ, რომ სანქცია ძალიან მკაცრია და ავტოსაგზაო შემთხვევების მიუხედავად, მძღოლებისთვის მსგავსი სასჯელი დაუმსახურებელი იქნება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარტია "მოქალაქეებს" ეკუთვნის. კანონპროექტის ავტორები სხვა სანქციების დაწესებასთან ერთად, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, მძღოლის 2000 ლარით დაჯარიმებას, 5 და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასა და 1 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ითხოვენ.

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არის საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, არსებული პრევენციული ღონისძიებები გზებზე ლეტალური შემთხვევების შემცირებას ვერ უზრუნველყოფს და მიიჩნევენ, რომ ურჩი მძღოლებისთვის კანონის გამკაცრება სამართალდარღვევის შემცირებისთვის ერთადერთი გამოსავალია.

კანონპროექტზე და ქვეყანაში მოქმედ სანქციების ქმედითუნარიანობაზე განმარტება შს სამინისტროსაც ვთხოვეთ. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, უწყებაში დღეს განმარტება არ გააკეთეს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა. 2021 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი, ქვეყნის მასშტაბით 4 676 აღნიშნული სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

დღის ამბები