28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
შეეფარდება თუ არა რიონის ხეობის მცველს წინასწარ პატიმრობა - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები ბრძოლას ირაკლი მუკბანიანის თავისუფლებისთვისაც იწყებენ

პროტესტის 219-ე დღე რიონის ხეობაში, ტრადიციულად, გუმათის შესასვლელთან აღმართულ რკინის ბარიკადთან დაიწყო. უცვლელი რჩება ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები, თუმცა შეიცვალა პროტესტის ლოკაციები. დღეს აქტივისტები ქუთაისის სამხარეო პოლიციასთან ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერადაც შეიკრიბნენ. ის სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გუშინ პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის მუხლით დააკავეს, წარუდგინეს ბრალიც. დაკავებულის ადვოკატი მთავარ ხარვეზად ამ საქმეში სწორედ მუკბანიანის დაკავების პროცესს მიიჩნევს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები ახლა ბრძოლას ირაკლი მუკბანიანის თავისუფლებისთვისაც იწყებენ. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ბრალდებულისთვის პოლიციას გამოძიების დაწყებაზე ოქმი გაგზავნილიც კი არ ჰქონდა.

ირაკლი მუკბანიანი სამართალდამცველებმა სოფელ საყულიაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწიეს, მათივე თქმით, არიან დაშავებულებიც. "კურიერის" კამერასთან დღეს მუკბანიანის თანასოფლელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რიონის ერთ-ერთი მცველის დაკავების მომენტი. ამბობენ, რომ ბრალდებულმა მუკბანიანმა არ იცოდა, თუკი მას პოლიცია ეძებდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ დაშავებულებს ჭრილობები ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთის ახლობელი ამ ინფორმაციას "კურიერთან"ადასტურებდა კიდევაც, თუმცა, ექიმი, რომელმაც დაშავებულებს პირველადი დახმარება გაუწია, ამბობს, რომ ისინი კლინიკაში თავად მივიდნენ და დაზიანების მიზეზად საყოფაცხოვრებო მოტივი დაასახელა.

მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თავს დაესხნენ პოლიციას, ვითარების განსამუხტად გამაფრთხილებელი გასროლაც განხორციელდა.

პროტესტი რიონის ხეობაში გრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ტრადიციულად კვლავ ხმაურის გამოწვევას აპირებენ.

პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2007-2019 წლებში პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები ოთხმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატარა.

დღის ამბები