28 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
რამდენიმე საათი კონგრესმენების ვიზიტამდე - რა საკითხებს განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციები დელეგაციის წევრებთან 

რამდენიმე საათი კონგრესმენების ვიზიტამდე - ორპარტიული დელეგაციის წევრები პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდებიან. მთავარი თემები შარლ მიშელის დოკუმენტი და სასამართლო სისტემის რეფორმა იქნება.

ქართულ დემოკრატიაზე საუბარი, ბუნებრივია, ერთი საკითხით არ ამოიწურება, თუმცა პირველი საკითხი, რომლითაც საკითხის გახსნას გეგმავს არასამთავრობოს სექტორი, შეეხება მართლმსაჯულებას, მის სისუსტეებს და იმ გზას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს და გაჯანსაღდეს სასამართლო სისტემა.

მესამე სექტორში იმასაც ამბობენ, რომ თავად სენატორებსაც არაერთხელ ჰქონდათ ამ მიმართულებით გზავნილი და მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს გაუმჯობესებას, სიღრმისეულად იქ არ არის გაანალიზებული და ჩაშლილი თუ რა უნდა გაკეთდეს. 

"შეთანხმების დოკუმენტი გვეუბნება, რომ ეს უნდა შეიცვალოს, როგორ შეიცვლება, აქ კონკრეტული გზები არ გვიწერია, ამიტომ აუცილებელი არის, რომ ჩვენ გავხსნათ დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შეიცვალოს და რა გზით უნდა წავიდეს სიღრმისეული რეფორმა.

ფაქტია, რომ დღევანდელი სისტემა ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ჩამოდიან იმ ორგანოს წარმომადგენლები, სადაც უკვე აქტიურად ახსენებენ სიტყვა კლანს ჩვენი სასამართლო სისტემასთან მიმართებით," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

მესამე სექტორში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ დისკუსიების გახსნა მათ შორის სენატორებთან იქნება მნიშვნელოვანი და თავის მხრივ დაელოდებიან თუ საით წაიყვანენ თავად ამერიკელი კანონმდებლები დიალოგს და ამის მიხედვით წარიმართება ეს შეხვედრა.

"ამ შეხვედრების დროს არის ყველაფერი განპირობებული იმით თუ რა კითხვები აქვთ მათ, იმიტომ, რომ ზუსტად იმ ფორმატში ვსაუბრობთ, რა ფორმატსაც ისინი გვთავაზობენ. მე შეიძლება უბრალოდ წარმოვიდგინო, რომ აქ იქნება ასევე კითხვები დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რა ხდება სასამართლოში, რა ხდება საარჩევნო სისტემაში და ა.შ. და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ვისაუბრებთ," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები