ევროკავშირში ჩატანილი AstraZeneca-ს ვაქცინის ყოველი ხუთი დოზიდან ოთხი ჯერჯერობით გამოყენებული არ არის. გარდიანის ცნობით, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრიდან და სხვა ოფიციალური წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, დადგენილია, რომ 27 წევრ სახელმწიფოში გადანაწილებული 6 მილიონზე მეტი დოზიდან თითქმის 5 მილიონი ჯერჯერობით გამოყენებული არ არის.
"ასტრაზენეკას" ეფექტურობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში დაბალია და მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის. შესაბამისად, ევროპულმა ქვეყნებმა პრეპარატით იმუნიზაციის პროცესი დროებით შეაჩერეს.
ვაქცინაციის პარალელურად, ევროკავშირი ზაფხულამდე კოვიდპასპორტებს შემოიღებს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს და ახლა ტექნიკური საკითხები თანხმდება.
ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული ე.წ. კოვიდპასპორტების გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ვირტუალურ სამიტზე განიხილეს.
საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, რომლებიც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები არიან, მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლას, რაც მათ დაეხმარება, თავიდან აიცილონ შარშანდელი კატასტროფული სეზონის განმეორება.