29 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
პრემიერის დავალებით, უამინდობის გამო რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე - მლეთა-გუდაური-კობი, სტეფანწმინდა-ლარსი, ასევე გომბორის და თელავის მიმართულებით აკრძალულია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ასევე შეზღუდვაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით.

კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ შესაბამის უწყებებთან, რათა უხვი თოვლის გამო შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად აღმოიფხვრას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია ესწრებოდნენ.

დღის ამბები