29 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
შს სამინისტრო არალეგალურ მიგრაციასა და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას Fronte-თან ერთად განახორციელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობა საზღვრის მართვას, არალეგალური მიგრაციისა და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გულისხმობს. ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებამ ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი.

აღნიშნული ხორციელდება ინფორმაციისა და ანალიტიკური პროდუქტების გაცვლის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავებთან ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის გზით. Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.

"მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით," - განაცხადა Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერმა.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

 

დღის ამბები