29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯოზეფ ბორელს, ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ, ერთობლივი წერილით მიმართეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.
 
წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.  

"ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის - რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს," - ნათქვამია მიმართვაში.
 
ასევე, მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას. მინისტრები საუბრობენ ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების  თანამშრომლობის გაძლიერებაზე; წერილში ხაზგასმულია ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. წერილში ასევე საუბარია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ასოცირებული ტრიოსთვის ამ ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.

მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, , ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში.

 

დღის ამბები