29 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გავაფორმეთ - ელისაშვილი-იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გააფორმეს, რის შემდეგაც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე. 

"ჩვენ, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა, მე და ლევან იოსელიანმა შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან. რაც გულისხმობს, რომ ჩვენ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით სპარლამენტო საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე. ის, რომ ნებისმიერი "კარუსელის" პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ.

სამი კამერა იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ასე რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.

გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, არამედ,  შვიდივე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ,"-განაცხადა  ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ამ საკითხების ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მოქალაქეები" დატოვებენ პარლამენტს. 

"ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება  პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო მათი განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ 1 თვის განმავლობაში.

ბარიერის დაწევაც საკითხია, მაგრამ აქ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც  საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სამი საკითხი თითქმის ბოლომე წამოვიღეთ, ორმა კაცმა რაც შევძელით, ის გამოვგლიჯეთ "ქართულ ოცნებას" და დანარჩენი ოპოზიცია, 54 კაცი, გარეთაა დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს ხვდებოდნენ. 

დღის ამბები