ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
"ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამები, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეთანხმების ხელმოწერამდე ნათია თურნავა იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც. შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება,"- განაცხადა ელჩმა.