29 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
PVT-ს მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა, დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა - ISFED

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ, მათ შორის უბნების რვა პროცენტზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე განცხადება გააკეთეს.

როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, "სამართლიანი არჩევნების" მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები – სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში იყო მეტობა, დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხმების პარალელური დათვლის შერჩევის რვა პროცენტი შეადგინა, აქედან:

"საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა. აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე;

საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;

საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლისა და ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;

საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული "მეტობითდისბალანსიშესწორდა კენჭისყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით. ეს ხარვეზებია: შესწორების ოქმს აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემით განკუთვნილი არჩევნების დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი; არ არის გაკეთებული მითითებები შესწორების შესახებ; არასწორად აქვს მითითებული კომისიის ბეჭედი, თარიღი და/ან დრო; აკლია კომისიის წევრის ხელმოწერა, რომელიც ხელს აწერს შესწორების ოქმს; ცარიელი გრაფები არ არის შევსებული X-ით; ბალანსი არ შედგა და ნაკლებობაში აისახა;

საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული "მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე.

აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით. აქედან: 1.6%-ზე ოქმები დაბალანსდა;
საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით არ შედგენილი შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;

საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა“, – აღნიშნეს პრესკონფერენციაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი აქტია, რომლის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

„შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა „შესწორებულია“.

საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის გამოცემის შესაძლებლობასაც უშვებს, მაგრამ არა ზოგადი პრაქტიკის სახით, არამედ „საჭიროების შემთხვევაში“ და იქვე უთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას,"– განაცხადეს "სამართლიან არჩევნებში".

როგორც ორგანიზაციაში გამართულ პრესკონფენციაზე აღინიშნა, "სამართლიანი არჩევნების" დასკვნით, საოლქო კომისიებში შესწორების ოქმები გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა და ხშირად გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

"კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემების გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. პარალელური დათვლის უბნებთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულებების ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ისინი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის გარეშე. შესწორებების ოქმების მსგავსად, საოლქო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, აქაც საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ეყრდნობოდნენ. ამგვარი განკარგულებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებისთვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს," – აღნიშნეს ორგანიზაციაში.

დღის ამბები