29 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო, რომელთა აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა - მარიამ ქვრივიშვილი

უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ქვრივიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო.

ქვრივიშვილის თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა. დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

"მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო. დეპორტაციის საქმე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობის დაპატიმრების და გამოძევების კოორდინირებულ პოლიტიკას – რუსეთი ვალდებულია, საქართველოს 10 000 000 ევრო გადაუხადოს იმ მორალური ზიანისთვის, რომელიც საქართველოს მინიმუმ 1 500 მოქალაქეს მიაყენა. დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის;

ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის;

ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში", – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები