29 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
ხელისუფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ოპოზიციას ყველა სამართლებრივ მექანიზმს შესთავაზებენ, რომ სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს

პარლამენტი მიმდინარე კვირას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის. დღეს, 14:00 საათზე, უმრავლესობამ ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელზეც, სავარაუდოდ, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და პროცედურებს განმარტავს.

მანამდე კი, ხელისუფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ოპოზიციას მაქსიმალურად ყველა სამართლებრივ მექანიზმს შესთავაზებენ, რომ სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს.

"პოლიტიკური მდგენელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის მხოლოდ, მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი, დაიცავს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ამავდროულად, ბოლომდე მივცემთ საშუალებას სამართლებრივ მექანიზმს, შესაძლებლობებს ოპოზიციას, რომ არ დარჩეს სპეკულაციის ადგილი," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

ნინო წილოსანის თქმით კი, სადეპუტატო მანდატების შეჩერების საკითხზე გუნდში საბოლოო პოზიცია ჯერ არ არის შეჯერებული.

"გუნდში ამ თემაზე საბოლოო, შეჯერებული პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. ლოგიკური იქნება, ის ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან, არ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს არ იღებენ თავიანთ თავზე, რომელიც მათმა ამომრჩეველმა დააკისრა, რა თქმა უნდა, იმსახურებენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება პარლამენტში და მათ დატოვონ პარლამენტი, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

დღის ამბები