29 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებისკენ მოუწოდებს. განცხადება, რომელიც 22 იანვრით თარიღდება, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კალიურანდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და ხაზს რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეშ დარღვევებს უსვამს. ევროპარლამერნტარი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში. ეს ნანატრი განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს:
პირველი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან.

მეორე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალ და უხეშ დარღვევას ომის დროს და შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი დანაშაულებებისა და ადამიანთა უფლებების სისტემური დარღვევების გამოუძიებლობას, ასევე რუსეთის უარს ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მიცემაზე.

როგორც ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უპირობოდ უნდა დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც დასრულდა ომი", - აცხადებს კალიურანდი.

დღის ამბები