29 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ.

მან გამოთქვა სინანული იმის შესახებ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, მისი სიტყვებით, ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს. 

"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის. როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, ლეგიტიმური ინსტრუმენტი იმ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია, სანამ ასეთ ფორმაშია, წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

რა თქმა უნდა, მომავალში, წარსულ უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით პოლიტიკურად და სამართლებრივად, ორივე თვალსაზრისით, არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება. დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დღის ამბები