29 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
"ოცნებას" თუ გამოვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში," - ალეკო ელისაშვილს ოპოზიციისგან გარიყვის არ ეშინია

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევა- ამის წინაპირობად მოქალაქეების თავმჯდომარე საარჩევნო რეფორმას აყენებს. ოპოზიციაში ბოლო დღეების განმავლობაში არსებული დიდი დაპირისპირების შემდეგ, ელისაშვილის პოზიცია ისევ უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე დღეს პარტია "მოქალაქეები" იყო პირველი,რომელმაც კოლეგა ოპოზიციონერებს ბოიკოტისკენ მოუწოდა,მისი პოლიტიკური ხედვა დღეს განსხვავებულია.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციის საერთო ინტერეს ასცდა და პოლიტიკური გზა დამოუკიდებლად გააგრძელა, ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები დიდ გაუგებრობაში არიან.

ელისაშვილმა 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი პირველად გააკეთა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისგან გარიყვის არ ეშინია. მისივე თქმით, თუ "მოქალაქეები" "ქართულ ოცნებასთან" მიაღწევს შეთანხმებას მნიშვნელოვან საკითხებზე, პარლამენტში შევლენ. 

"მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე ლაპარაკი დავასრულეთ, რაც არის ოპოზიციაში მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან, სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი მე წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ როდის სად იყო, რა გარიგებებში მონაწილებდა, ხალხისთვის რას აკეთებდა ან არ აკეთებდა, ვისთან იყო შეკრული ან გამოკრული და ა.შ. გარიყვების და გამორიყვების არ გვეშინია, გვეღიმება ამ ყველაფერზე.

ჩვენ ისედაც ვიცოდით რაც გვინდოდა, გვინდოდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი, დაგვერწმუნებინა. არ უნდათ, ნუ უნდათ, ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ და ამას რამდენიმე დღეში ვიტყვით.

"ქართულ ოცნებას" თუ გამოვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დღის ამბები