29 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვენ

სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის საქმე- განსხვავებული აღმსარებლობის მატარებელ მოსახლეობას შორის რამდენიმედღიანი კონფლიქტის შემდეგ მესამე სექტორი პარლამენტს მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვენ.

მათ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ.

"ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ.

პირველი – შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია, შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება;

მეორე – შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;

მესამე – გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და იმუშაოს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება," – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ევანგელურბაბტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ევანგელისტური ეკლესია ; პლატფორმა სალამი; სოლიდარობის პლატფორმა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ხელისუფლებას მოუწოდებს გააცნობიეროს საკითხის პრობლემურობა და სისტემური ჩავარდნები და რეალური დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს:

"ხელისუფლებამაც უნდა გააცნობიეროს შექმნილი ჩიხი და მის მიერ დაგეგმილი პოლიტიკის ზიანი, სწორედ ამიტომ დღეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, რელიგიური ორგანიზაციები, აქტივისტური ჯგუფები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა, სისტემური ჩავარდნები და დაიწყოს ღია და დემოკრატიული რეფორმის პროცესი, რაც ჩვენი შეფასებით პირველ რიგში მოითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას, რომელიც გახდა ბარიერი ამ საკითხებზე სალაპარაკოდ," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის შეფასებით, რელიგიურ საკითხთა სააგენტოს მთავარ ფუნქციად რელიგიური გაერთიანებების კონტროლი იქცა და არა პრობლემების მოგვარება:

"ამ ინსტიტუციის მიმართება არის არა პრობლემების რამენაირი მოგვარება და მედიაცია, ან სახელმწიფოსა და რელიგიურ ჯგუფს შორის, ან დაძაბულ ჯგუფებს შორის, არამედ ამ რელიგიური გაერთიანებების კონტროლი და ძირითადი კონტროლის ინტერესი არის მუსლიმური თემი," - აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი ზაზა მიქელაძე ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებმა კარგად აჩვენა ის არაინკლუზიური პროცესი და პოლიტიკა, რომელიც უმცირესობების მიმართ ტარდება:

"ყოველი პროცესი კარგად აჩვენებს ამ არადემოკრატიულ არაინკლუზიურ პროცესს, რომელმაც საბოლოოდ სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანა. ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ მიზანმიმართულ დევნას მუსლიმი თემისა და ეს წარმოადგენს იმ ზოგადი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ხარვეზებს, რომელიც ტარდება სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობების მიმართ," - განაცხადა ზაზა მიქელაძემ.

დღის ამბები