კასპში მძევლების აყვანის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. გიორგი მენაბდიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის უარს ამბობს საჭირო მედიკამენტების მიღებაზე და შიმშილობს.
27 წლის შეიარაღებული მამაკაცი ქვის საამქროში სამი დღის წინ შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა, რომლებიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა. ამის შემდეგ ის ადგილზე დააკავეს. უთანხმოების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესწილებს უკავშირდება.
"ბრალი დღეს წარედგინება. მან ჯერ კიდევ პირველი შეხვედრისას დუმილის უფლება გამოიყენა და უარი თქვა ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე. თავს გრძნობს ცუდად, აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ ვესაუბრე მას ბრალის შესახებ. დაცვაზე უარს აცხადებდა და აცხადებს. საკვებს არ იღებდა და როგორც დროებითი მოთავსების ექიმმა განმარტა ჩემთან საუბარში, შეთავაზებულ მედიკამენტებზეც უარი თქვა," - განაცხადა გიორგი მენაბდიშვილის ადვოკატმა ქეთევან გაგლოშვილმა.