29 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ პლებისციტად" - "გირჩსა" და "მოქალაქეებს" შორის შეხვედრა მიმდინარეობს

"გირჩისა" და "მოქალაქეების" წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა "გირჩის" ოფისში იმართება, სადაც "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.

"მოქალაქეების" წევრების თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილება, რომლებიც პარლამენტში შესვლას და არჩევნებს ეხება.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ "ქართულ ოცნებას" და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულ ოცნებაზე" ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ამომრჩეველმა პარტია "მოქალაქეებს" მოგვცა ხმა. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს გიგა ბოკერიასთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში 2, 3 პარტია მაინც შევა. 

"თუ მისაღები იქნება პირობები, რა თქმა უნდა შევალთ. თუ ხელს მოვაწერთ შეთანხმებაზე 2, 3 იქნება რამდენიც იქნება ის პარტიები შევლენ. თუ მოვაწერთ ხელს, ჩვენ შევალთ," - აღნიშნა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

იაგო ხვიჩია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ერთიანი მოთხოვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, როგორც პლებისციტად ჩატარების იდეას აყენებს.

პირველი არიან პოლიტპატიმრები, მეორე რაც ალეკოს უნდა საარჩევნო კოდექსი, მესამე არის რაც ჩვენ გვინდა, ეს არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რისთვისაც იბრძოდა ქართული საზოგადოება. მეოთხე საკითხი არის, რომელიც დანარჩენ ოპოზიციას აინტერესებს - ხელახალი არჩევნების არჩევნების საკითხი. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გავიაროთ ის, რომ გვქონდეს ერთიანი მოთხოვნა და თან ეს ისეთი იყოს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ დესტრუქციული ხალხი, ჩვენ არ გვინდა შეთანხმება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ასეთ გზას, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები