იტალიაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია "იტალია ვივა" მმართველობიდან გადადგა.
ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
იტალია ევროკავშირის 750 მილიარდი ევროს სტიმულირების პაკეტიდან, მეოთხედზე მეტს მიიღებს. რენცის "ევროპის სტაბილურობის მექანიზმის" გამოყენება სურდა, რომელიც წევრი ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯებს იაფი სესხებით აფინანსებს.
ჯუზეპე კონტე ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ვალების ზრდას გამოიწვევს. ევროკავშირის მასშტაბით იტალიას საბერძნეთის შემდეგ ყველაზე დიდი სამთავრობო ვალი აქვს.