29 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია ხელოვნურად ვერ შეიქმნება - ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ როგორც არ უნდა ეცადოს, ივანიშვილი ხელოვნურ ოპოზიციას მაინც ვერ შექმნის.

"ოპოზიცია მას არ მოსწონს და უნდა იყოს რაღაც ახალი ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია ხელოვნურად ვერ შეიქმნება რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი და რაც არ უნდა საკუთარი რესურსები ხარჯოს, ჩვენ ვნახეთ როგორ შეიქმნა ოპოზიცია, როდესაც რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს პარლამენტში და მათ დაარქვეს, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან. ეს არის გაქცევა და პასუხისმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. ერთის მხრივ მას არ უნდა, რომ დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან და მეორეს მხრივ, ეშინია და კარგად იცის 31 ოქტომბრის შედეგები, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას ზურგი შეაქცია," - აღნიშნა  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები საკმაოდ ძლიერები არიან და სწორედ ამიტომ უთმობს ივანიშვილი ყველაზე დიდ დროს მათ კრიტიკას.

"ბიძინა ივანიშვილი თავის ეპისტოლეებში თუ გამოსვლებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ოპოზიციას, ოპოზიციურ მედიებს და ის არაფერს არ ლაპარაკობს მომავალზე, რა მიღწევები ჰქონდა და ძირითადი მისი მიმართულება არის კრიტიკა მისთვის არასასურველი ოპოზიციის მიმართებაში, ეგ კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია საკმაოდ ძლიერია," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა დამენიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე კი ივანიშვილს ურჩევს, რომ ოპონენტებს პატივისცემით მიმართოს და ზუსტად ივანიშვილის შეფასებით "ქარაქუცა" ოპოზიციამ, ის დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებში.

ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საზოგადოებასთან ვერბალურადაც შედგა. წასვლისთვის დაწერილი წერილისა და სტატიის შემდეგ, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, მისი პოლიტიკასთან განშორების მიზეზებს სატელევიზიო ინტერვიუთი განმარტავს.

ბიძინა ივანიშვილი აღარც იმ გუნდს ხელმძღვანელობს, რომელსაც სათავეში 9 წლის წინ ჩაუდგა და ამდენივე წლის შემდეგ აღარც ამ გუნდის მხარდამჭერია. მეტიც, ელოდება რომ გამოჩნდება კვალიფიციური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" სადავეებს დაათმობინებს და ოპოზიციაში გაუშვებს.

არცერთი შეცდომა და რამდენიმე გადაცდომა, ესეც ძირითადად კადრების შერჩევის პროცესში -ასე აფასებს პოლიტიკაში ერთხელ უკვე დაბრუნებული და მმართველობიდან მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილი თავისივე რამდენიმე წლიან მუშაობას. ელოდება, რომ ლიდერის გარეშე მყოფი პარტია ხიფათის წინაშე აღმოჩნდება, რადგან, შესაძლოა, დარჩენილებს ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა გაუძნელდეთ. ეს ინტერვიუ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

დღის ამბები