დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება. რამდენიმე საათის წინ კი პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. მაიკ პენსმა შესწორების გამოყენებაზე უარი კენჭისყრამდე განაცხადა, ამიტომ მიღებულ დოკუმენტს მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს.
ამ ეტაპზე დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დროულად დაწყებას ცდილობენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს დონალდ ტრამპის რამდენიმე თანაპარტიელიც.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დემოკრატების მხრიდან მისი იმპიჩმენტის მცდელობას სასაცილოს უწოდებს. ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად ზუსტად ერთი კვირაში იწურება.