29 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
აქცია პარლამენტის შენობასთან - პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის კანონპროექტის გაფართოვებას ითხოვენ

ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოების ნაწილში საკმაოდ მწვავე პროტესტს იწვევს. პარლამენტის შენობასთან აქცია დილიდან იმართება, სადაც, მათ შორის, პატიმრების ოჯახის წევრები, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტი და იურისტებიც იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო ამნისტიის პროექტი უფრო ფართო ყოფილიყო და გავრცელებულიყო შედარებით მძიმე დანაშაულებზეც. საუბარია პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზეც. ეს იყო არასამთავრობო სექტორის და მათ შორის, სასულიერო პირების მოთხოვნაც, თუმცა საბოლოო პროექტში არ აისახა.

"ეს არ არის ამნისტია, ამნისტია იქნება თუ გააფართოებენ, ჩაანაცვლებენ, მოხსნიან ნასამართლეობას, თუ მისცემენ ყველა პატიმარს ¼-ს, რადგან ძალიან დავიღალეთ, მაისიდან მოყოლებული სულ ასე ვართ და ასე გვტანჯავენ," – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ქეთევან მისაბაშვილი.

მოძრაობა "ჰუმანურობისთვის" დამფუძნებელი ალექსანდრე კაპანაძე ამბობს, რომ 200 კაცზე გათვლილი ამნისტია, ამნისტიად არ ითვლება. ასევე, ის მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულ პირებს მკურნალობის მაგივრად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩასმისთვის ბოდიში უნდა მოუხადონ.

"ნარკოდამოკიდებულ პირს ამნისტია, როგორც პატიება, საერთოდ არ სჭირდება, იქით ბოდიში უნდა მოუხადონ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის მაგივრად მათ ციხეებში ამწყვდევენ. „200 კაცზე გათვლილი ამნისტია ამნისტია არ არის“ - ეს არის დღევანდელი ლოზუნგი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მუხლები გაფართოვდეს მეტად," - აცხადებს ალექსანდრე კაპანაძე.

პარტია "ლელოს" წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი არა მთლიანად მსჯავრდებულებზე, არამედ კონკრეტულ პირებზეა მორგებული.

"ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის ამნისტიის ეს აქტი კონკრეტულ პირებზე მორგებული და არა მთლიანად მსჯავრდებულებზე, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არის კოვიდ პანდემია, ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და ვნახეთ, რომ პენიტენციური სისტემა ვერ მართავს მდგომარეობას," - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები