29 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია - ბიძინა ივანიშვილი

"ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს"- აცხადებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში.

ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პირველ წერილს იხსენებს, სადაც, მისი თქმით, შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა.

"რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება. წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:

"გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.

• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.

• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.

• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.

• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.

• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.

• ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება (იხ. სქოლიო #1) და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ (იხ. სქოლიო #2).

• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”
“...პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის”.

“ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა”.

"უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ...რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს" - წერს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები