ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცედურები, შესაძლოა, დღეს დაიწყოს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დემოკრატები მიმდინარე კვირაში შესაბამისი რეზოლუციის წარდგენას გეგმავენ, რომლითაც შტატების მოქმედ პრეზიდენტს კაპიტოლიუმზე შტურმის გაღვივებაში დასდებენ ბრალს; მანამდე კი ისინი რეზოლუციას მიიღებენ, რომლითაც მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
ვიცე-პრეზიდენტს რეზოლუციაზე საპასუხოდ 24 საათი ექნება. თუ პენსი შესწორებას არ გამოიყენებს, წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტზე მუშაობას დაიწყებს.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 9 დღე რჩება. არჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.