29 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
"ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი სფერო, რომლის აქტივობაც კორონავირუსმა ვერ შეანელა, პოლიტიკაა. საახალწლო მილოცვისას, მან, ასევე, აღნიშნა, რომ პანდემიამ ვერც ოკუპაცია შეცვალა. 

"ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული.  შედგა პარლამენტი.       

პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა - ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა,  თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები - ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად.

მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და   სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება.

ალბათ, რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა  და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!

ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები