ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ, ბატალიონის კაპელანმა მამა იოანე გელაშვილმა და მმართველმა რგოლმა პირად შემადგენლობას ახალი წლის დადგომა მიულოცეს.
ბატალიონის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ბატალიონის მეთაური და კაპელანი ბაზის ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტებსა და სათვალთვალო კოშკებზე განწესში მყოფ მშვიდობისმყოფელებთანაც მივიდნენ და ჩურჩხელებითა და ტკბილეულით ახალი წლის დადგომა მიულოცეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ივლისის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.