შვილზე ძალადობის ბრალდებით ცაგერში სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს, შემდეგ კი მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1948 წელს დაბადებული ზ.გ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - 4 000 ლარის ოდენობით და იმავე დღეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ასევე, მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ.გ.-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე. მას დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლსა და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების მონიტორინგი.
მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს," - ნათქვამია განცხადებაში.