არგენტინის სენატმა ქვეყანაში აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 11 დეკემბერს კანონპროექტს მხარი არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატამაც დაუჭირა. აბორტის ლეგალიზაციას მხარს ასევე უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი.
კანონის თანახმად, აბორტის გაკეთება 14 კვირამდე ორსულობის პერიოდში იქნება დაშვებული. აქამდე არგენტინაში 1921 წლის კანონი მოქმედებდა, რომლის თანახმად, აბორტი დაშვებული იყო მხოლოდ გაუპატიურების შედეგად დაორსულების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ლათინური ამერიკის რეგიონში აბორტი დაშვებულია მხოლოდ კუბაზე, ურუგვაიში და მექსიკის ერთ-ერთ შტატში.