29 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ეს არ არის პარტია "ევროპული საქართველოდან" გადინების პროცესი - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტიაში ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდნენ.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული. 

"ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის, არჩევნების დასრულების შემდეგ, ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე.

ამიტომ, როგორ და რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ეს იყო ის, რაზეც წინასწარ, პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. ამიტომ, ელენეს მის ახალ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, - ამ ქვეყნის განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს არ არის პარტია "ევროპული საქართველოდან" გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები