29 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია - "ენერგო-პრო ჯორჯია"

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

"ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება" - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

"რა თქმა უნდა ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

 

დღის ამბები