29 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, რთული დასაჯერებელია, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიერ დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ISFED-ის ხელმძღვანელის გადადგომასთან და ორგანიზაციის გამგეობის ბრიფინგთან დაკავშირებით გაიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით:

"გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" გამგეობის ბრიფინგს, ორგანიზაციის მიერ პარალელურ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ. დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა სამწუხაროდ მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-ის შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი.

ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული. ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11:00 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს.

სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხავადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ, როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია.

ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენი ამოცანაა, სრულად მოეფინოს ნათელი იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი "სამართლიანი არჩევნების" შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან,"  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები