29 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს - მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები