შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნი სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.
სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.