29 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
არ ვეთანხმები არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოაყენა პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 

ელჩმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ისიც აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საჭიროა თავად ოპოზიციის შიგნით პოზიციების დასაახლოებლად სხვა საკითხებზე,  რომლებზეც შეძლებენ თანამშრომლობას პარლამენტში შესვლის შემდეგ. 

"არ ვეთანხმები წამოყენებულ ინიციატივას და არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს, ან უზღუდავს მათ მედიასთან წვდომას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რაც სჭირდება, რათა შემდეგ ლიდერებს დააკისრონ პასუხისმგებლობა. ვიმედოვნებ, ეს კანონპროექტი გადაიხედება, ვიდრე მიიღებენ. ახლა საქართველოს დემოკრატიას სჭირდება განვითარებული, წარმატებული ოპოზიცია და პასუხისმგებლობის მქონე, ეფექტური მმართველი პარტია.

მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ლაპარაკობენ. დიალოგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოსავლის მოსაძებნად, რაც ყველასთვის მისაღები იქნება, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პარტიების ლიდერები ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ მედიის მხრიდან, არამედ საკუთარი მხარდამჭერების და, ზოგჯერ, საკუთარი თავის მხრიდანაც.

დიალოგი მნიშვნელოვანი გზაა, გამოიძებნოს გამოსავალი, რომელიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურება. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა პარტიის ლიდერებისთვისაც, ერთმანეთთან განიხილონ დიალოგის მიღმა სხვა საკითხები, რომლებზეც შეძლებენ თანამშრომლობას, როდესაც პარლამენტში შევლენ. ეს ეხება სხვა სფეროების რეფორმირებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური საკითხებისთვის. ამიტომ, ეს არის პროდუქტიული პროექტი, ნელი, მიზნობრივი და ფრთხილი. ამიტომ არ ვჩქარობთ. ყველას აქვს განცდა, რომ აუცილებელია ამის გაკეთება. ყველას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობაც, რომ იპოვონ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, თუ გავაგრძელებთ ამ პროცესს, პარტიები გამოსავალსაც იპოვიან,"-განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები