29 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ - კანონპროექტი დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს 

პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ - უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ პირველი მოსმენით მიიღეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არჩევანის უფლება აქვთ. თუკი ისინი საბოტაჟს აირჩევენ, დაფინანსება შეუწყდებათ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური პარტია განაცხადებს რეგლამენტის წესების შესაბამისად პოლიტიკურ ბოიკოტს და არ ივლის სხდომაზე, ასეთ შემთხვევაში, პარტიას დაფინანსება შეუნარჩუნდება. 

"ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ. ჩვენ ვაძლევთ ყველას არჩევანის საშულებას ამ კანონპროექტით, რომ თუკი კონკრეტული პოლიტიკური პარტია გააკეთებს არჩევანს პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის, თვითონ უნდა გააკეთონ ამის არჩევანი, და გადაწყვეტს პოლიტიკური საბოტაჟის სასარგებლოდ, ანუ უფლებამოსილებაზე უარს იტყვის და დათმობს მანდატს, ამ შემთხვევაში პარტიის დაფინანსება შეწყდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური პარტია განაცხადებს რეგლამენტის წესების შესაბამისად პოლიტიკურ ბოიკოტს და არ ივლის სხდომაზე, რა თქმა უნდა, დაფინანსება შეუნარჩუნდება,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კანონპროექტის შესახებ ისაუბრა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. ის "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. 

"მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია, რომელიც, რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი, ძველ დროში, "ნაციონალები" რომ იყვნენ ხელისუფლებაში, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო, სინამდვილეში არ დაწერა წერილი, შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს და ამას ჰქვია "ლეიბორისტული პარტია", რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები