29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
"რემდესივირი" საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობის პროტოკოლი განაახლა

ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობის პროტოკოლი განაახლა. ვირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დღეიდან "რემდესივირიც" გამოიყენება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოსულია 4 ათასი ფლაკონი, რომელიც დაახლოებით 500-მდე პაციენტზეა გათვლილი. მედიკამენტი ყველა კოვიდკლინიკაში არ შევა, სამედიცინო დაწესებულებებში წამლის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კლინიკური ჯგუფი მიიღებს.

"რემდესივირი" ყველა ინფიცირებულზე არ ინიშნება, გამოიყენება მხოლოდ კლინიკაში და არა ბინაზე მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. მედიკამენტი ესაჭიროებათ მხოლოდ იმ ინფიცირებულებს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და სჭირდება ჟანგბადი. დაგვიანებულია პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტებზე, ვინც რეანიმაციაში იმყოფება.

ექნება თუ არა რეალური შედეგი მედიკამენტს მკურნალობის პროცესში, ამ თემაზე კონკრეტულ პასუხს სპეციალისტები ვერ ამბობენ. მედიკოსების აზრით, როგორც სხვა ნებისმიერი წამალი - "რემდესივირიც" პროტოკოლის ნაწილია. ექიმების გარკვეულ წრეებში მიიჩნევენ, რომ ებოლას საწინააღმდეგო მედიკამენტზე ზედმეტ მოლოდინი არ უნდა შევქმნათ. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ვირუსის დამარცხება მხოლოდ ვაქცინას შეუძლია

ებოლას საწინააღმდეგო მედიკამენტს არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა რეკომენდაცია, რომ ქვეყნებს გამოეყენებინათ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რემდესივირი სამკურნალო პროტოკოლში შეიტანა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ და აქვს დაშვება ამერიკის ინფექციური საზოგადოების მხრიდანაც. ენტონი ფაუჩიმ მიმდინარე წლის, ჯერ კიდევ მაისში განაცხადა , რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია

ანტი-ვირუსული პრეპარატი "რემდესივირი" 2015 წელს ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა ამ კუთხით, დადებითი შედეგები ვერ აჩვენა. საქართვლოს მთავრობა, უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციით მედიკამენტი 350 ათას ლარად შეიძინა

დღის ამბები