29 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
ძარცვა და თავდასხმა ხაშურში - დაჭრილი 25 წლის ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც უცნობი პირი ძარცვის მიზნით შევიდა ხაშურში, რუსთავის ქუჩაზე მდებარეობს. სავარაუდოდ ნივთების შეგროვების პროცესში მყოფ დამნაშავეს თავს ოჯახის დიასახლისი დაადგა. მძარცველი ქალს ფიზიკურად დაუპირისპირდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, მიიმალა. ინციდენტის დროს სახლში იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც.

თავდასხმისა და დაჭრის შემდეგ მძარცველი გაიქცა. მეზობლების ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ოჯახიდან ოქროულობის წაღება მოახერხა.

დაჭრილი დიასახლისიც პირველებმა ოჯახის წევრებმა ნახეს და სასწრაფო დახმარების სამსახურიც თავად გამოიძახეს. მჭედლიძეებს მათ სახლში მომხდარ ძარცვასთან და თავდასხმასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურთ, თუმცა დანაშაულის შესახებ საუბრობენ მეზობლები.

დაჭრილი ქალი ამ დრომდე ხაშურის კლინიკაში რჩება. მას ჭრილობა მუცლის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა. მკურნალი ექიმი მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებს.

სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე დღესაც იმყოფებოდნენ. პოლიციამ ოჯახის წევრებისგან მომხდარის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

25 წლის დაჭრილ ქალს სამართალდამცველები სავარაუდოდ გამოჯანმრთელების შემდეგ გამოკითხავენ. სწორედ ამ გზით შეეცდება გამოძიება დამნაშავის შესახებ მეტი დეტალის დაზუსტებას.

დღის ამბები